კორპუსებიდან პომიდვრებს გვესროდნენ, გვლანძღავენ ქალის დაცვის გამო – დოროყაშვილის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ გუშინ პრესკონფერენციის შემდეგ, ადვოკატებს კორპუსებიდან პომიდვრები ესროლეს, გამვლელებმა კი გალანძღეს.

“ჩვენ არ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, მათიც კი, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ქალთა თუ ფემინისტური იდეების მხარდამჭერი არიან. ჩვენ დღეს პომიდვრებს გვსროდნენ იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ. ჩვენ, ადვოკატებს, გამვლელები გვლანძღავენ. პრესკონფერენციის შემდეგ, როცა ქუჩაში ჟურნალისტს ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისროდნენ ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აკეთებენ”, – ამბობს ანა აბაშიძე ტვ პირველთან ინტერვიუში.

,,ამას იმიტომ ვამბობ, რომ დავინახოთ, უძნელესი იყო ყოველთვის ჩაგრული ჯგუფების დაცვა, ძნელია ახლაც, ასე ხდებოდა მაშინ, როდესაც რასიზმი ყვაოდა და ადამიანებს ქვებით მისდევდნნე. ასე ხდება ყველა უფლებადამცველის მიმართ, რომელიც ქალებს იცავს. ეს რატომ ხდება იცით? კრიტიკული მასა ჩვენი მოქალაქეების გაჯერებულია სტერეოტიპებით და უყვარს ძლიერის მხარეს ყოფნა”,- თქვა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.