ევროკომისია კორუფციულ სკანდალში მონაწილე ორი დეპუტატის საპარლამენტო იმუნიტეტის ჩამორთმევის პროცესს იწყებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ეს ბელგიის პოლიციის მოთხოვნით კეთდება. თუმცა მის განცხადებაში ამ საქმეში მონაწილე ევროპარლამენტის დეპუტატების ვინაობა არ სახელდება.
სკანდალი გასულ თვეში მას შემდეგ ატყდა, რაც ერთი ევროპარლამენტარი და კიდევ სამი სხვა პირი კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ დაასახელა მექრთამეობის სქემის უკან მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის რამდენიმე წყარომ კატარი დაადანაშაულა.
თუმცა, სპარსეთის ყურის ეს სახელმწიფო კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას გადაცდომის შესახებ, მათ უსამართლოს უწოდებს, წყაროებს კი “უხეშად დეზინფორმირებულებს”.
მეცოლამ, რომელმაც თქვა, რომ როგორც ამ სკანდალმა აჩვენა, ღია, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებებს საფრთხე ემუქრება, ასევე განაცხადა, რომ ახლა დაიწყებს სასწრაფო პროცედურას ორი ევროპარლამენტარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მიზნით პოლიციის მოთხოვნით. როგორც ირკვევა, პოლიცია მის ოფისს 30 დეკემბერს დაუკავშირდა.
16 იანვარს მოთხოვნა ევროპარლამენტს უნდა წარედგინოს, შემდეგ კი ამ ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს გადაეცემა. ამის შემდეგ მომზადდება მოხსენება ბრალდებების შესახებ ევროპარლამენტარებისთვის იმუნიტეტის მოხსნის სრულ კენჭისყრამდე.
მეცოლამ აღნიშნა, რომ სურს, რომ მთელი პროცესი 13 თებერვლამდე დასრულდეს.
ყველა ევროპარლამენტარი სარგებლობს გარკვეული იმუნიტეტით, რაც უზრუნველყოფს მათ შესაძლებლობას განახორციელონ თავიანთი სამუშაო, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და ხმა მისცენ თავისუფლად დაპატიმრების ან პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე.
თუმცა, პალატას შეუძლია კონფიდენციალური მოსმენის შემდეგ მხარი დაუჭიროს მათი იმუნიტეტის მოხსნას. ეს პროცესი საშუალებას აძლევს ეჭვმიტანილ ევროპარლამენტარებს წარმოადგინონ თავიანთი მტკიცებულებები და დაიცვან თავი ბრალდებებისგან.
ევროპარლამენტის სპიკერმა იასმინა იაკიმოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ასეთი იმუნიტეტის ფუნქციაა პარლამენტს ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ აძლევს დეპუტატებს კანონის დარღვევის თავისუფლებას.
პალატის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი, რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილთან ერთად, გასულ თვეში პოლიციის რეიდების დროს დააკავეს .
თუმცა, 44 წლის სოციალისტ ევროპარლამენტარს, რომელიც უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს, უკვე ჩამოერთვა იმუნიტეტი, რადგან ის “მტკიცებულებებით ხელში“ დაიჭირეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მას უპოვნა ჩანთები”ნაღდი ფულით“.
მისმა ადვოკატმა უარყო ბრალდებები, რომ მან ქრთამი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ბინაში 150 000 ევრო იპოვეს.
ზოგიერთი წყაროს თანახმად, კიდევ 600 000 ევრო იპოვეს ერთი ეჭვმიტანილის სახლში, ხოლო 750 000 ევრო ჩემოდანში ბრიუსელის სასტუმროს ნომერში.
ევა კაილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება თავის პარტნიორ ფრანჩესკო გიორგისთან და ყოფილ იტალიელ ევროპარლამენტარ პიერ ანტონიო პანცერთან ერთად.
გასულ თვეში მოსმენისას გაირკვა, რომ ბელგიის უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებების გამოსაძიებლად.