“ხიდზე რომ შემოვდექით მახსოვს, რომ წინა მხარეს გაჩერდა მანქანა და რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. მახსოვს ბიჭი და გოგო. შემდეგ კოტეჯების მხრიდან მორბოდნენ კიდევ გოგო და ბიჭი, ხიდზე რომ შემოვიდა ეს შავი მასა და შიგნით რომ მოვექეცით ყველა, ამის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვეღარავის ვხედავდი. ეს ადამიანები წამიერად გაქრნენ. ხიდზე საკმაოდ ბევრი ადამიანი ვიყავით, ხიდის დაბლა, კალცის წყლებთანაც უამრავი ადამიანი იყო და რომ გადავიხედე კალცის წყალთან, ის ტერიტორიაც უკვე მიჰქონდა. როგორც წეღან ვთქვი, მანქანებიანად მიჰქონდა ხალხი. ყველაზე მეტად რაც მახსოვს არის ის, რომ კაცი წაიღო ხიანად. შემდეგ რომ შევედით ამ მასაში, ჩემი ძმაც ამბობს, მაშო რომ გადაჰყავდა, კოტეჯებიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების განწირული ხმა, ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა. ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა”
შოვში, სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე “ფორმულასთან” მომხდარს იხსენებს.