კრამატორსკის თავდასხმის შემდეგ სადგურებზე მგზავრთა ნაკადების დაყოფა დაიწყეს

უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაცია უკრზალიზნიცია აცხადებს, რომ გააძლიერებენ ზომებს სადგურების ირგვლივ გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად და მგზავრთა ნაკადების გასაყოფად. კომპანია გადაწყვეტილება გუშინ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შემდეგ მიიღო.

„სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით სარკინიგზო სადგურებზე თავდასხმების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაძლიერდება ზომები სადგურების ირგვლივ გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, მგზავრთა ნაკადების დაყოფის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, კრამატორსკის რკინიგზის სადგური აჩერებს სამუშაოებს დაზიანების გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდება სლავიანსკიდან და პოკროვსკიდან.

ცნობისთვის, 8 აპრილს ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 52 დაიღუპა და 109 დაშავდა.