პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „როსიისკაია გაზეტას“ განუცხადა, რომ 16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ იმყოფებოდა.
ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს, სად იყო პუტინი, მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლება საუბრობს „სპეციალური ოპერაციის ზონაზე“, ისინი ჩვეულებრივ გულისხმობენ უკრაინის ტერიტორიას, 2014 წელს ანექსირებული ყირიმის გამოკლებით.
კრემლმა შაბათ-კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა 16 დეკემბრის მთელი დღე გაატარა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში“. სახელმწიფო ტელევიზიებმა ის გაურკვეველ ადგილას აჩვენეს გენერლებთან ერთად, მათ შორის იყვნენ გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, უკრაინის ძალების მეთაური სერგეი სუროვიკინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
მოგვიანებით, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ პუტინი იმყოფებოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. სამშაბათს პესკოვმა „როსიისკაია გაზეტას“ დაუდასტურა გურულევის პოსტის შინაარსი: „თუ ის გულისხმობს შტაბს, სადაც პარასკევს იმყოფებოდა, მაშინ დიახ“. თუმცა ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება ჯერ კიდევ არ არსებობს.
პუტინის გამოჩენა “შტაბში” აღქმულ იქნა უპირველეს ყოვლისა, როგორც პროპაგანდისტული ღონისძიება, ისევე როგორც შოიგუს ვერტმფრენის ფრენა ადგილებში, რასაც რუსული ოფიციალური წყაროები “ფრონტის წინა ხაზს” უწოდებდნენ.