კრემლი აცხადებს, რომ კიევი “აზოვსტალში” მყოფებს დანებების საშუალებას არ აძლევს

კრემლი აცხადებს, რომ “აზოვსტალში” მყოფებს დანებების საშუალებას კიევი არ აძლევს – შესაბამის ინფორმაციას, “რია ნოვოსტი” ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს,  შარლ მიშელს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მარიუპოლში, ”აზოვსტალის” ქარხნის დატოვების უფლებას იქ მყოფებს, უკრაინის ხელისუფლება არ აძლევს.

“გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, ღირსეული მკურნალობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ კიევის რეჟიმი არ იძლევა ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას”, – აცხადებს კრემლი.

პუტინი ასევე თვლის, რომ ევროკავშირის ლიდერები “რუსოფობიას” ახალისებენ თავიანთი  ქმედებებით.

ცნობისთვის, დღეს,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილა. შარლ მიშელმა პუტინს მოუწოდა, აღდგომის წინ გახსნას მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი და უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსვლის პირობები.