რუსეთი იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მათი გაუმჯობესების მოწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც “პატრიოტთა ალიანსის” წერილს ეხმაურებიან. კრემლის განცხადებას რუსული სააგენტო “ტას”-ი ავრცელებს.
“ჩვენ ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და მოწოდებას მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვიყავით მათი გაწყვეტის ინიციატორები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის განცხადებით, “რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება”, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ასევე არაფორმალური კარასინ-აბაშიძის დიალოგის არხის მეშვეობით.