ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით კრემლმა აღიარა, რომ უკრაინაში მისი მიზნების სწრაფად მიღწევა არ გამოვა. რუსეთი აგრძელებს მისი სამხედრო ამოცანების კორექტირებას და ცდილობს შეცდომების გამოსწორებას, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე დაუშვა.
ექსპერტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის სიტყვებზე – სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით მან განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ომი კიდევ მინიმუმ 4 თვე აწარმოოს.
უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთს კვლავ თავდაცვითი და შეტევითი შეიარაღების მიწოდებას თხოვენ – ნათქვამია ანგარიშში. უკრაინულმა მხარემ უნდა იბრძოლოს რუსული არტილერიის უპირატესობის პირობებში. უკრაინელი სამხედრო მეთაურები ამბობენ, რომ მათ არ ყოფნით შორი მანძილის საარტილერიო სისტემები, რუსული არტილერია კი უკრაინელი ფეხოსნების დაბომბვებს განაგრძობს.
დასკვნის სხვა თეზისები:
- მთავარი ბრძოლები აღმოსავლეთში მიმდინარეობს. რუსული ჯარები განაგრძობენ სახმელეთო შეტევას სევეროდონეცკში, თუმცა 11 ივნისის მდგომარეობით უკრაინული ძალები სამრეწველო ზონაზე კონტროლს ინარჩუნებენ. რუსულულმა არმიამ როგორც ჩანს, განაახლა შეტევა გორსკოე–ლისიჩანსკის ტრასის გადასაკეტად.
- უკრაინულმა არმიამ განაახლა კონტრშეტევა ხერსონის ჩრდილო–დასავლეთით, მანამდე ჩატარებული ოპერაციებიდან უფრო სამხრეთით გადაინაცვლა. არის ინფორმაცია, რომ მათ რუსული არმია რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს.
- რუსმა საოუპაციო ხელისუფლებამ რუსული პასპორტების პირველი პარტია დაარიგა ხერსონსა და მელიტოპოლში. კრემლი როგორც ჩანს, ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუბლის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს: არის ცნობები, რომ აქ მალე პენსიების რუბლებში გაცემას დაიწყებენ.