თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 სექტემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.
17 ივლისს შავი ზღვის ინიციატივას, რომელიც იძლეოდა უკრაინული საკვების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას შავი ზღვის პორტებიდან, ვადა ამოეწურა და რუსეთმა ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიები გააუქმა.
მეორე დღესვე რუსმა სამხედროებმა უკრაინის პორტებისა და ლიფტების დაბომბვა დაიწყეს. Wall Street Journal დიპლომატებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მას შემდეგ, რაც ერდოღანმა რუსეთის ხელისუფლება “გააბრაზა” აზოვსტალის დამცველების უკრაინაში დაბრუნებით და შვედეთის ნატოში შესვლის დამტკიცებით.
გაზეთის ცნობით, პუტინმა შემდეგ უგულებელყო ერდოღანის თხოვნა, რომელმაც შესთავაზა მოლაპარაკება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე.
თურქეთის ლიდერმა არაერთხელ თქვა, რომ პუტინს სურს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება და ერთობლივი მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა. კერძოდ, 2 აგვისტოს ერდოღანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე. კრემლში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ბრალდებით პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რუსეთის პრეზიდენტს ქვეყანა არ დაუტოვებია.