კრემლმა მისი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას დაკრძალვის ცერემონიალი პროპაგანდისტულ შოუდ აქცია, რომლის მსვლელობისას ზოგიერთი სტუმარი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საკუთარ ერთგულებას ამტკიცებდა და უკრაინას განადგურებით ემუქრებოდა. ამის შესახებ გამოცემა “მედუზა“ წერს.
“რუსული სამყაროს“ მთავარმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი შვილი “ფრონტზე დაიღუპა“, თითქოსდა უბრალო რუსების დაცვისას. მისი თქმით, ის და დარიას დედა ცდილობდნენ, რომ მათი შვილი “ჭკვიანი, მართლმადიდებელი ადამიანი გამოსულიყო“ და ფილოსოფიის სფეროში განვითარებულიყო.
“ის ასეთი გახდა, იდეალური, ბევრი გამოცდა გაიარა, და უკეთესი გახდა, ვიდრე ჩვენ. ის ხალხისთვის დაიღუპა, ის რუსეთისთვის დაიღუპა ფრონტზე. ის გამარჯვებისთვის ცხოვრობდა და ჩვენი რუსული გამარჯვების სახელზე დაიღუპა“– თქვა დუგინმა გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე.
რუსეთის დუმის დეპუტატმა და ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ დარია დუგინა “კიევის დანაშაულების გაშუქების გამო მოკლეს“. პარლამენტარმა ცერემონიალზე გაიმეორე პროპაგანდისტული ლოზუნგი: “ერთი ქვეყანა, ერთი პრეზიდენტი, ერთი გამარჯვება“, რომელიც მესამე რეიხის დევიზს გავს – “ერთი ხალხი, ერთი რეიხი, ერთი ფიურერი.“
სლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ დარია დუგინას სახელს დაარქმევენ მოედნებს და ქუჩებს, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ კიევში, რომელსაც “კრემლი ნაციზმისგან გაათავისუფლებს“.
პარტია “სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა, სერგეი მირონოვმა რუსული სამყაროს იდეოლოგის გარდაცვლილ ქალიშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა, რომელიც “ფაშიზმის წინააღმდეგ და მისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.“
“და ისინი, ვინც ეს თავხედური დანაშაული შეუკვეთა და შეასრულა, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ. იქნება იურიდიული სასამართლოც, ისტორიული სასამართლო კი უკვე აღსრულების პროცესშია. იმიტომ რომ ფაშიზმი მის ბუნაგში – კიევში უნდა განადგურდეს“– თქვა გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე მირონოვმა.
ღონისძიებას ესწრებოდა პროპაგანდისტი დიმიტრი კისილიოვი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა დარია დუგინას მკვლელობის საპასუხოდ “უკრაინის უკომპრომისო დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია უნდა მოახდინოს.“
დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს მოსკოთან ახლოს საკუთარ ავტომობილში, ტრასაზე მოძრაობისას აფეთქდა.