დასავლური მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მეთაურობა შეცვალა. ამიერიდან საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დიდი გამოცდილება აქვს.
ბიბისი–ს წყაროს თქმით, სამხედრო ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ, ძალიან ცუდი კოორდინაცია იყო.
“ამ კონკრეტულ მეთაურს დიდი გამოცდილება აქვს სირიაში რუსული ოპერაციების მეთაურობის. ამიტომაც ველით, რომ საერთო სამეთაურო მართვა გაუმჯობესდება“– ამბობს წყარო.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რუსეთისთვის შეიძლება უფრო პრიორიტეტული იყოს, ვიდრე სამხედრო ოპერაციები, რათა კრემლმა შეძლოს 9 მაისს საკუთარ მოსახლეობას გარკვეული წარმატებების შესახებ ჩააბაროს ანგარიში.
წყაროს ცნობით, თუ რუსეთი არ შეცვლის სამხედრო ტაქტიკას, რომელიც აქამდე ბრძოლის ველზე მისი ჯარების წარუმატებლობით დასრულდა, მათი რიცხობრივი უპირატესობის შემთხვევაშიც კი უკრაინული არმია ეფექტურად გაუწევს წინააღმდეგობას, რადგან ისინი ბევრად უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, უფრო ადვილად მანევრირებენ და შეუძლიათ მოულოდნელი დარტყმების მიყენება.