კრემლმა ჯერ არ იცის, რა საზღვრების ფარგლებში “შეიერთა“ უკრაინული ხერსონი და ზაპოროჟიე

რა საზღვრებით “შეიერთა“ რუსეთმა ორი უკრაინული რეგიონი, ჯერჯერობით უცნობია. კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რა საზღვრებით “შევიდა“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის და ზაპორჟიეს ოლქები. კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი რია ნოვოსტისთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა “მხოლოდ ხალხის ნებაზეა დამოკიდებული“, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

“ნაკლებად იურიდიული ენით ვითტყვი: დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წლის საზღვრებში (უკრაინული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრები. რედ.). ხერსონის და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ“–თქვა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი ოლქის საზღვრების საკითხი “მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ნებაზე იქნება დამოკიდებული“, თუმცა როგორ აპირებს მოსკოვი მათთან კონსულტაციას, პუტინის პრეს–მდივანს არ დაუკონკრეტებია.

ამავე დროს, პესკოვმა თქვა, რომ ახალი “რეფერენდუმები“ ან რეგიონების მოსახლეობის გამოკითხვა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ კრემლში 30  სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, რომლებიც ოკუპანტებმა ამ რეგიონებში ჩაატარეს.