რუსეთს უნდა უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა მოძებნოს. სტამბულში მიღწეული შეთანხმება ხორბლის მიწოდების შესახებ კი შეიძლება გაგრძელდეს – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს.
“კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს უნდა გადაწყვეტა მოძებნოს მოლაპარაკებების გზით“–თქვა შროდერმა გერმანული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან თქვა, რომ გასულ კვირას მოსკოვში პუტინს შეხვდა.
“პირველი წარმატება– ეს არის შეთანხმება ხორბალთან დაკავშირებით, შესაძლოა ის თანდათანობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხამდე“– დასძინა მან.
შროდერი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს 1998–2005 წლებში იკავებდა, უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, თუმცა უარი თქვა პუტინის დაგმობაზე, რომელსაც კვლავ თავის მეგობარს უწოდებს, რის გამოც თავის ქვეყანაში კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.
ინტერვიუში მან თქვა, რომ ახლა პუტინისგან დისტანცირება სიტუაციას ვერ დაეხმარება.
მაისში მისი მისამართით მწვავე კრიტიკის შემდეგ შროდერი “როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიდა და უარი თქვა “გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თანამდებობის დაკავებაზე.