კრემლს სურს შემოგთავაზოს ქვეყნის დაყოფის კორეული ვერსია–უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

კრემლს სურს შემოგვთავაზოს ზავის კორეული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დაყოფას ორ ქვეყნად, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

“ახლა გვთავაზობენ კორეულ ვერსიას. ეგრეთ წოდებული პირობითი 38-ე პარალელით. აქეთ არიან ასეთი უკრაინელები, იქით არც ისე უკრაინელები… ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ, არის 38-ე პარალელი”, – განაცხადა მან. დანილოვს მხედველობაში ქონდა ის პარალელი, რომლის გასწვრივაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა იყოფა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ხვდება ევროპაში გადამდგარ პოლიტიკოსებს და მათი მეშვეობით უგზავნის მესიჯებს ამჟამინდელ ლიდერებს, რომ რუსეთი მზად არის დათმობაზე წავიდეს, რათა გამოასწოროს არსებული სტატუს კვო და აიძულოს უკრაინა ზავი დადოს.