რონდელის ფონდის მკვლევარი, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ რუსეთს დასავლეთმა კაპიტულაციის პირობები შესთავაზეს, რომელიც უკრაინიდან გასვლას და ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გაყვანას გულისხმობს. პირობებს შორის არის დნესტრისპირეთის მოლდოვას შემადგენლობაში დაბრუნების საკითხიც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კი ნახსენებიც არ არის, რაშიც ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს:
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლს შესთავაზეს სამშვიდობო შეთანხმების (რეალურად, რუსეთის კაპიტულაციის) გაფორმება.
მისი პირობები შეთანხმებულია უკრაინულ მხარესთან და დავწერ ძირითადებს:
– რუსეთს გაჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან;
– კრემლს არ შეეძლება უკრაინის საზღვრის 100 კმ სიახლოვეს განალაგოს მძიმე სამხედრო ტექნიკა;
– რუსეთს ყირიმიდან გაჰყავს შავი ზღვის ფლოტი;
– რუსეთი გადის დნესტრისპირეთიდან და ეს რეგიონი 2023 წელს ხდება მოლდოვის შემადგენელი ნაწილი.
რა თქმა უნდა, კრემლი ხვალ და ზეგ არ დათანხმდება ამ პირობებს. მაგრამ როცა მოუწევს დათანხმება, ცხადია, რომ მაშინაც დაახლოებით ასეთი იქნება უკრაინა+დასავლეთის მოთხოვნები.
ახლა, რაც შეგვეხება ჩვენ:
– ცხადია, რომ თუ შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან გავა, რუსები მას რუსეთის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც განათავსებენ;
– რა თქმა უნდა, მოთხოვნებში არაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია, არც საქართველოს სიახლოვეს მძიმე ტექნიკის განთავსებაზეა შეზღუდვა;
– საერთოდ არაა ნახსენები საქართველო.
კითხვა: საქართველომ დასავლეთთან იმუშავა ამ მიმართულებით?
პასუხი: პრემიერი ირანის ელჩს ხვდება, პარლამენტის თავმჯდომარე კორეაშია, საგარეო საქმეთა მინისტრიც ალბათ მორიგ ლოკოკინების ფერმას ხსნის, სამთავრობო პარტიები და მედია კი დილა-საღამოს დასავლეთს აგინებს.
ასეთია “რუსეთის არგაღიზიანებისა” და “აბა, ომი გინდას” მძიმე პოლიტიკური ფასი.
შენ თუ არ გინდა დასავლეთი (ქვეყანაზე მსჯელობენ მისი ხელისუფლების პოზიციით) და თუ არ ილაპარაკე შენს პრობლემებზე, სხვა რატომ მოიკლავს თავს ამის გამო?
პოლიტიკა ყოველთვის მკაცრია. ყოველთვის მოგეცემა ის, რასაც იმსახურებ“– წერს ზურა ბატიაშვილი.