უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა. კვლევა ტვ იმედის დაკვეთით მომზადდა. აღნიშნული ტელევიზიის ინფორმაციით, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? – „ქართულ ოცნება“ 55%-მა აირჩია.
მდინარაძე იმედის ეთერში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევებით უფრო მაღალია.
„მე ვნახე, რომ 9% გადაუწყვეტელია. ალოკაციის შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს აუცილებლად დაემთხვეოდა ის, რაც „გორბმა“ დადო“, – თქვა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან გამკლავებამ საზოგადობრივ განწყობაზე იმოქმედა.
მისივე განცხადებით, კორონავირუსის კრიზისამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამხელა არ ყოფილა.
„ვირუსი ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ანტიკრიზისულმა გეგმამ პრემიერ გახარიას მეთაურობით ყველაფერს თავისი წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა. მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა არ ყოფილა, ვერ მოგატყუებთ. მაგრამ არცერთ კრიტიკულ სიტუაციაში არ ყოფილა, რომ 40%-მდე შემცირებულიყო პარტიის რეიტინგი. დღევანდელი მონაცემები გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებამ პირველი ეტაპი ჩააბარა წარმატებით“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
(GORBI-ს) მიერ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 12% “ნაციონალურ მოძრაობას”.
„გორბის“ კვლევა 15-დან 19 მაისამდე პერიოდში ჩატარდა, დასაშვები ცდომილება +-3%. გამოიკითხა 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით.