კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ გამოსავლის პოვნა – გლოვო

კომპანია “გლოვო” თავისი კურიერების პროტესტს ეხმიანება. გლოვოს განცხადებით, ისინი პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ელოდება კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შეძლოს მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა.

„ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც „გლოვერების”, ისე „გლოვოზე” განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ „გლოვოს” თითო კურიერი მხოლოდ თითო შეკვეთას ემსახურება, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება.

„გლოვერები”, რომლებიც Covid-19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, „გლოვოს” მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.

პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაზარალდეს მომხმარებელი და მით უფრო, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია”, – ნათქვამია „გლოვოს” განცხადებაში.

დღეს “გლოვოს” კურიერებმა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი კომპანიის სათაო ოფისის წინ შეიკრიბნენ, ნაწილმა კი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

კურიერი მომსახურების ტარიფის გაზრდას, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირებასა და ბონუსების სისტემის შეცვლას ითხოვენ.