რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევა გრძელდება – უკრაინელ სამხედროებს ოლქში სამი დასახლებული პუნქტი აქვთ დაკავებული. შესაბამისი ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამარხებზე.
ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
უკრაინელმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. ამასთან, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასა და ოლეშნესთან.
უკრაინელები პოზიციებს ამყარებენ და ახალი ქვედანაყოფებით ავსებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის უწყება კურსკში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებენ.კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ „ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას უკრაინელი ნაცისტების შეტევას“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ალექსეი სმირნოვი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩააბარონ სისხლი.
უკრაინელები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. ქალაქი, ფაქტობრივად, ევაკუირებულია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. 7 აგვისტოს, უკრაინელებმა რუსეთის საზღვრის გარღვევა მოახერხეს. თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, გავრცელებულ ცნობებს უარყოფდა, და აღნიშნავდა, რომ საზღვრის გარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს.თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კურსკის ოლქზე სახმელეთო შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.