გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და გაამართლა მისი სპორტის მასწავლებელი. ორივე მათგანს ბრალად ედებოდა გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თბილისის კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლე, 16 წლის სოფი, 2019 წლის მაისში კლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იყო, როცა ნინოსხევის ჩანჩქერთან წყლის დინებამ ჩაითრია და ასფიქსიით გარდაცვლილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს. დაღუპულის ოჯახი ამტკიცებდა, რომ მოზარდი უმეთვალყურეოდ იყო არა მხოლოდ მაშინ, როცა წყალში შევიდა და შველას ითხოვდა, მაშინაც, როცა ჩანჩქერზე ადიოდა. სასამართლომ დაკითხა თვითმხილველები, რომლებმაც დაადასტურეს, როცა წყალში საბანაოდ შესული სოფი ნიკოლეიშვილი შველას ითხოვდა, თუმცა მას არცერთი იქ მყოფი მასწავლებელი არ დახმარებია.
სასამართლომ კლასის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღკვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა. ორივე მასწავლებელი, რომლებსაც გამოძიება გულგრილობით მოზარდის სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა, კვლავ აგრძელებს სკოლაში მუშაობას. სპორტის მასწავლებელი ამ დრომდე “ალბიონში” მუშაობს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაღუპული მოზარდის სოფიო ნიკოლეიშვილის და – სალომე ნიკოლეიშვილი (ბარკერი) სოციალურ ქსელში წერს:
“რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო სსკ 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ყიჟინა დასცხო, გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო).
დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.
მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ. (და ეს საკითხი რომ იყო გასარჩევი ხო საერთოდ..)”,- წერს გარდაცვლილი მოზარდის და სოციალურ ქსელში.
განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლის მაისიდან გამკაცრდა რეგულაციები სკოლის ექსკურსიებზე: აიკრძალა 150 კილომეტრზე უფრო შორს მოსწავლეების წაყვანა და ღამისთევა.