ლაგუნა ვერეს ახალმა მფლობელმა მიმდებარე ტერიტორია და იპოდრომის ნაწილიც შეისყიდა – ”ფორმულა”

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, კომპანია ნიუ სითი დეველოპმენტმა ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ამასთანავე შესყიდული აქვს  იპოდრომის ნაწილიც.

აღნიშნული ტერიტორიები აქამდე ქართუ ფონდის მფლობელობაში იყო.

იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატულ მეტრზე უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. ნიუ სითი დეველოპმენტის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

დღეს,  “ლაგუნა ვერეს” ახალი მფლობელი კომპანიის, ნეო სითი დეველოპმენტმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ “დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა” .

დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს“.-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.