ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ლანჩხუთში, პედაგოგზე ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

” საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” აცხადებს პროკურატურა

ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფიაშვილს, დაავალა.