რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის, მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან “ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია”.
“ჩვენ მზად ვართ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზას გავყვეთ. ასე რომ, ზოგადად, თბილისზეა დამოკიდებული, თუ რა ქმედებებს გააგრძელებს”, – ამბობს მიხაილ გალუზინი გამოცემა იზვესტიასთან.
ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც და კრემლის ჩვეული, პროპაგანდისტული რიტორიკა გაიმეორა. ზახაროვას თქმით, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.