მოსამართლე, ზვიად შარაძემ, რომელმაც დღეს, ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო და მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში დამალა. ამის შესახებ, ინფორმაციას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ზვიად შარაძე 2020 წელს კარტოგრაფების საქმესაც განიხილავდა. სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.
დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:
- 1,700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
- 3,790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
- 1,699 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
- 3,236 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით
დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას. მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით. ასევე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ზვიად შარაძის დეკლარაცია.