7-8 მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს.
პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო.
“განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ”, – ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.