სამართალდამცველებმა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახო ტაბიძე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შვილის დაკავებას ადასტურებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე, თუმცა, ის გურიანიუსთან საუბარში ამბობს, რომ “ბიჭმა იჩხუბა და თავად ჩაბარდა პოლიციას”.
შსს-ს ცნობით, 2001 წელს დაბადებულ ვ.ტ-ს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.