რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშანტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.
როგორც რუსული უწყება აცხადებს, საზღვარზე რუსი ჯარისკაცები იმიტომ გაიგზავნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ.
“ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება”, – აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია, რუსები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.