ძვირადღირებული ჯიპების ლატვიელმა მწარმოებელმა, Dartz–მა მისი ახალი ქმნილება– Prombron The Dictator Aladeen MMXXII წარმოადგინა. ავტომობილი ლიმიტირებული სერიით გამოვა, ფასი კი 750 000 ევროდან დაიწყება.
ახალი Dartz Prombron The Dictator Aladeen MMXXII ეკრანებზე ფილმ “დიქტატორის“ გამოსვლის 10 წლისთავს მიეძღვნა. სწორედ ამ კომედიამ გაუთქვა სახელი Dartz–ს: საშა ბარონ კოენის გმირი, დიქტატორი ჰაფაზ ალადინი სწორედ მოოქროვილი ლატვიური ჯიპით დადის.
ახალ მოდელს საფუძვლად დაედო მოდელი Dartz Prombron Iron Diamond. განახლებულ მოდელში წინა ნაწილის დიზაინი შეცვლილია, ასევე დაყენებულია განახლებული ბორბლები.
სტანდარტულ Dartz Prombron–თან ერთად მოხდება დაჯავშნული ვარიანტის წარმოებაც, რომლის ღირებულება 1 მილიონი ევრო იქნება. მისი კომპოზიტური დაცვა უძლებს 7,62 მმ–იან სნაიპერულ შაშხანას, კარის სახელურებში ელექტროშოკერებია ჩამონტაჟებული, გარდა ამისა, ავტომობილი ტყვიაგაუმტარი ქოლგითაც არის აღჭურვილი.
Dartz Prombron–ის სალონს ინდივიდუალური შეკვეთით ქმნიან ეგზოტიკური ცხოველების ტყავით, ასევე შემოთავაზებაშია 555 სახეობის ხე.
შიდა მოწყობილობების დეტალები და ღილაკების ნაწილი ნამდვილი ოქროთია დაფარული, სალონში შედის ვინტაჟური კასეტის მაგნიტოფონი, სეიფი თითის ანაბეჭდის სკანერით და სპეციალური განყოფილებაც კი კალაშნიკოვის ავტომატისთვის.
Dartz Prombron–ის ახალი მოდელი Mercedes-Benz GLS–ის პლატფორმაზეა აგებული და აღჭურვილია 4,0-ლიტრიანი V8 ტვინ–ტურბოთი. დამატებით დახვეწის შემდეგ მისმა სიმძლავრემ 800 ცხენისძალას მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა 100კმ/სთ სიჩქარეს მანქანამ 3.8 წამში მიაღწიოს და ჯამში 280 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.