ლატვია აცხადებს, რომ არ შეიფარებს არცერთ რუსს, ვინც მობილიზაციას გაექცევა

ლატვია აცხადებს, რომ არ შეიფარებს არცერთ რუსს, ვინც მობილიზაციას გაექცევა –  შესაბამისი განცხადება, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა გააკეთა.

  • “უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც ეცდება, მობილიზაციას თავი აარიდოს. ასევე არ შევცვლით 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს“ – აცხადებს რინკევიჩი.

რინკევიჩი აღნიშნავს, რომ ლატვია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს და რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე ერთიანი ქმედებით უპასუხებენ.

  • „საჭიროა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება და რეგიონში დამატებითი უსაფრთხოების ზომები განვიხილოთ. სამხედრო საფრთხე ლატვიისთვის კვლავ დაბალია.“ – განაცხადა რინკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის დაგვიანებული მიმართვა დღეს თბილისის დროით დილის 10 საათზე დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.

ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ  განაცხადა, რომ მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა. მისი თქმით, რუსეთი მოაბილიზებს, ქვეყნის შესაძლებლობის 1%-ს ანუ 300 ათასს რეზერვისტს.

  • “ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს.  ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა შოიგუმ.