პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აინტერესებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიწვია თუ არა 5 ივლისს მიღებულმა დაზიანებებმა. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში უნდა “გამძაფრდეს” პასუხისმგებლობის საკითხი.
“მე მაქვს მთავარი კითხვა, რომელიც წესით ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოწვეული იყო თუ არა 5 ივლისს მიღებული დაზიანებებით, ასევე, რა გახდა რეალურად მიზეზი მისი გარდაცვალების, არის თუ არა მზად ხელისუფლება, რომ ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, იმისთვის რომ სანდო გახდეს პასუხები.
ასევე, გრძნობს თუ არა, მაგალითად, ღარიბაშვილი, რომ მან ერთგვარად თვალის ჩაპაჭუნებით წაახალისა ძალადობა 5 ივლისს, ან გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ბატონი გომელაური, როდესაც მან ვერაფერი იღონა 5 ივლისს დარბევის დროს. ამ კითხვებზე უნდა მოგვესმინა [პასუხები]”,– თქვა ელისაშვილმა “იმედის” ეთერში.
მისივე განცხადებით, “ვიღაცას ქვეყნის არევა უნდა, ვიღაცას კი ქვეყნის სამსახური”.
“ჩვენ ქვეყნის არევა არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდი, წყნარი ქვეყანა და განვითარდეს ნორმალურად, სადაც თანამდებობის პირები რამეს რომ დააშავებენ, უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას”,– აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, შსს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გარეშე ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. TV პირველის ოპერატორს 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.