ლეგენდარული ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის იუბილეზე დაქორწინდა

ყოფილმა ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა 93 წლის იუბილე თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, ანკა ფაურზე დაქორწინებით აღნიშნა.

ქორწილის ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა. ამის შესახებ ოლდრინის Twitter-ზე გახდა ცნობილი.

“ჩემს 93 წლის დაბადების დღეზე […] მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მე და ჩემი დიდი ხნის სიყვარული, ანკა ფაური, დავქორწინდით. ჩვენ დავქორწინდით პატარა კერძო ცერემონიაზე ლოს ანჯელესში, როგორც  მშობლებისგან გაქცეული თინეიჯერები“, – დაწერა ბაზ ოლდრინმა ტვიტერში.

ყოფილი ასტრონავტისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, პატარძალი მასზე 30 წლით უმცროსია.

63 წლის ანკა ფაური 2019 წლიდან  ოლდრინის კომპანია Aldrin’s Buzz Aldrin Ventures-ში მუშაობს. ამჟამად ის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ოლდრინს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

პოსტის გამოქვეყნებიდან 11 საათის განმავლობაში ოლდრინის ტვიტმა 42000-ზე მეტი მოწონება და 5 მილიონი ნახვა დააგროვა. ტვიტერის მომხმარებლები ლეგენდარულ ასტრონავტს დაბადების დღეს და ქორწინებას ულოცავენ.

ბაზ ოლდრინმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაცხადა, რომ დაბადების დღეზე მას პრესტიჟული Living Legends of Aviation – ავიაციის ცოცხალი ლეგენდის ჯილდო გადაეცემა.

ბაზ ოლდრინი არის  მსოფლიოში მთვარეზე დაშვების პირველი წარმატებული მისიის, Apollo 11 ერთადერთი ცოცხალი წევრი.

სამი ამერიკელი ასტრონავტი – ნილ არმსტრონგი (გემის მეთაური), მაიკლ კოლინზი (მთავარი ქვედანაყოფის პილოტი) და ოლდრინი, რომელიც მთვარის განყოფილების პილოტი იყო ამ მისიაზე –  მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს დაეშვა. როდესაც მსოფლიომ მისიის 50 წლის იუბილე აღნიშნა, მისი ორი წევრი იყო ცოცხალი – ოლდრინი და მაიკლ კოლინზი.

ოლდრინი პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევარია. მთვარეზე დაშვების შემდეგ მან, როგორც უხუცესმა ეკლესიაში, ხანმოკლე ღვთისმსახურება ჩაატარა. როგორც მაშინ ასტრონავტმა განმარტა, მას სურდა მადლობა გადაეხადა ღმერთისთვის „ყველაზე შესაფერისი გზით“.

2002 წელს ოლდრინი გადაურჩა სამართლებრივ დევნას  მას შემდეგ, რაც ყოფილმა ასტრონავტმა მუშტი დაარტყა ყბაში მამაკაცს იმის გამო, რომ ის ოლდრინისგან მოითხოვდა კამერის წინ ბიბლიაზე დაფიცებას, რომ მთვარეზე დაშვება არ იყო დადგმული. მამაკაცი, რომელსაც ოლდრინი სახეში ურტყამდა,კონსპირაციის თეორიების მიმდევარი სცენარისტი ბარტ სიბრელი იყო , რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მთვარეზე დაშვება რეალურად არ მომხდარა და მთელ მსოფლიოში გავრცელებული კადრები კინოსტუდიაში გადაიღეს .

ბაზ ოლდრინმა  NASA-ში კარიერა 1971 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს საჰაერო ძალების პილოტების ტესტირების სკოლას ედვარდსის ბაზაზე, კალიფორნიაში. 1972 წელს პენსიაზე გავიდა.