“ლეგიტიმური რევოლუცია” ხეპრული გამოთქმაა – გია ვოლსკი

“ლეგიტიმური რევოლუცია” ხეპრული გამოთქმაა. არჩევნების გაყალბების თემაზე აღარანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

“არც მოლაპარაკებები სურს და არც პარლამენტში გამოჩენა ოპონენტების დიდ ჯგუფს, ვინაიდან პრაქტიკულად სათქმელი არ აქვს, არც საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდათ, რომ ის ეჭვები გავაქარწყლოთ, რომელიც ვითომდა მათ და საზოგადოების ნაწილს გააჩნია. რეალურად უნდათ იმავე სცენარის გამეორება, რომელიც 2003 წელს იყო, მაგრამ განსხვავება იმ პერიოდსა და დღევანდელს შორის არის ძალიან დიდი. არ უნდათ მოლაპარაკებები, რადგან იძულებული იქნებიან უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციაზე, მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს კიდევ ერთხელ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ სტრატეგიულ გეგმას, რომ არეულობა მოაწყონ. თუკი 2003 წელს ამის წინაპირობა იყო მართლაც სუსტი ქვეყანა, მართლაც განუკითხაობა, მათ შორის, დათვლის სისტემაში, ახლა უნდათ ისარგებლონ იმავე მიზეზით, მაგრამ საფუძვლად გამოიყენონ ის მდგომარეობა, რაც შეგვიქმნა პანდემიამ ადამიანის ჯანმრთელობის ხაზით და ეკონომიკური პრობლემების გამოყენებით, რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს შეექმნა. ეს არის მათი ხედვა, მაგრამ ამას განხორციელება არ უწერია, ვინაიდან საზოგადოებაც კარგად ხედავს საით მიდის მათი გეგმები და სახელმწიფოში რეალურად მდგომარეობა განსხვავდება იმ ვითარებისგან, როცა ესენი ახერხებდნენ ქვეყნის არევას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბიკერიამ განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, ნორმალური არჩევნებია.