პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა – ბერძენიშვილის შვილმა სახლთან პოლიცია გამოიძახა.
ბერძენიშვილი იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა ვარაუდობს, რომ უცნობი ადამიანების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.
თავად ლევან ბერძენიშვილი მედიასთან ამბობს, რომ იმ დროს, როცა 20-მდე პირი მის სახლთან იმყოფებოდა, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა. ნიღბიანები მას შემდეგ წავიდნენ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
“აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათთან იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ არიან აგრესიულად განწყობილი [პირები]. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. […] ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა”- ამბობს ბერძენიშვილი.