ვასაძეზე ღადავს თავი დაანებონ ქართველებმა და მოემზადონ საპაექროდ – სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ქართველებმა თავი უნდა დაანებონ “ლევან ვასაძეზე ღადავს” და მასთან სერიოზულად საპაექროდ უნდა მოემზადონ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ქართული კონსერვატიზმი უნდა გაძლიერდეს, რომელიც ახლა რუსეთზეა მიბმული.

“ეს არ არის საღადაო თემა, რაზეც ღადაობს ქართული მედიის დიდი ნაწილი. საღადაო კი არა, მოსამზადებელია. არგუმენტებია ჩამოსაყალიბებელი. რაც მთავარია, ქვეყანაში ნამდვილი ქართული კონსერვატიზმი უნდა გაძლიერდეს. კონსერვატიზმი არის ევროპაშიც და ამერიკაშიც. საკმაოდ ძლიერია და არც ერთი და არც მეორე რუსეთზე მიბმული არ არის. ჩვენთან ქართული „ფსევდოკონსერვატიზმი“ რუსეთის იდეოლოგიაზეა მიბმული. რუსეთშიც არ არის კლასიკური გაგებით კონსერვატიზმი. კლასიკური რუსული კონსერვატიზმი არ არსებობს”,– ამბობს სანიკიძე პალიტრანიუსის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე “ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ დუგინიზმი და პუტინიზმი”, მაგრამ შემდეგ გაიყვნენ და პუტინი მაინცდამაინც არ სწყალობს დუგინს.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კრემლის პროპაგანდისტს, ალექსანდრ დუგინს მოსკოვში შეხვდა.