ლევან ვასაძის დის კომპანიის, “სამოსელი პირველისგან“ თავდაცვის სამინისტრო 80 ჩოხას ყიდულობს. უკონკურენტო ტენდერი 116 000 ლარიანია. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს“.
თავდაცვის სამინისტრომ 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესაძენად 9 მარტს ტენდერი გამოაცხადა – შესასყიდ თანხად 116,000 ლარი განისაზღვრა.
წინადადების მიღება 12 მარტს დასრულდა და ერთადერთი კონკურსანტი ლევან ვასაძის დის დაფუძნებული კომპანია “სამოსელი პირველი” იყო. თამარ ვასაძე კომპანიაში 85%-იან წილს ფლობს.
ამ დროისთვის შესყიდვის სტატუსი შერჩევა/შეფასებაა, რაც იმას ნიშვნავს, რომ ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შეძენა სურს, რომელიც მოიცავს: ნაცრისფერ ჩოხას, თეთრ და შავ ყაბალახს, თეთრ და შავ ახალუხს, 2 ცალ შავ გალიფეს, 20 ცალ მასრას, ქამარს, ჩიხოლსა და ხანჯალს.
“სამოსელი პირველიდან” ნივთები უწყებებს, სააგენტოებსა და თვითმართველობის ორგანოებს აქამდეც შეუძენიათ – 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან შემსყიდველების უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ პერიოდში მაღაზიას ჯამურად 135,365 ლარი აქვს მიღებული.
წყარო: ტენდერი NAT200005045