ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლითაც  ჯარიმა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

მისი ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი IPN-თან ამბბოს, რომ ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა და მოინანია.

„ბრალდების მხარესა და ჩვენს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა და დღეის მდგომარეობით, უკვე ძალაშია შესული. ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, – თქვა ადვოკატმა.

კოტეტიშვილი არ ასახელებს ჯარიმის რაოდენობას.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 2019 წლის 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას პოლიციამ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი ამოიღო.

ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ პროკურატურა პროცესზე 15000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.