“ლელო” ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

პარტია ლელო – საქართველოსთვის ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს დეესკალაციის გზების გამოსაძებნად.

“ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.

ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.

ლელო მიმართავს ხელისუფლების წარმოამდგენლებს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი.

ლელო მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში”,- აცხადებს პარტია.