ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, შედეგად 492 ადამიანი დაიღუპა.
შეტევამდე, ისრაელმა გააფრთხილა ლიბანის მოსახლეობა, დაეცალა რაიონები, სადაც, მათი თქმით, ჰეზბოლა იარაღს ინახავდა.
„ისრაელის ომი თქვენს წინააღმდეგ არ არის. ეს ომი “ჰეზბოლას” წინააღმდეგაა. დიდი ხნის განმავლობაში “ჰეზბოლა” თქვენ ცოცხალ ფარად გიყენებდათ. ჩვენი ხალხის დასაცავად “ჰეზბოლას” დარტყმებისგან ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი იარაღი. დილიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაგაფრთხილათ, რომ დაგეტოვებინათ საფრთხის ზონა. მოგიწოდებთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ გაფრთხილებას. ნუ მისცემთ “ჰეზბოლას” საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე. ნუ მისცემთ “ჰეზბოლას” საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს ლიბანი. გთხოვთ, ახლავე დატოვეთ საფრთხის ზონა. როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენ უსაფრთხოდ შეძლებთ სახლებში დაბრუნებას“, – მიმართა ლიბანელ ხალხს . პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მოსახლეობა სამხრეთ ლიბანის დატოვებას სასწრაფოდ ცდილობდა, რის გამოც ჩრდილოეთისკენ გზები გადაჭედილი იყო. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლას დარტყმა მიაყენა ლიბანის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, მათ შორის “გამშვებს, სამეთაურო პუნქტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე”. სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში ისრაელმა ჰეზბოლას 1600 სამიზნეს დაარტყა.
საჰაერო იერიშები ისრაელსა და ლიბანს შორის გრძელდება. როგორც ისრაელში აცხადებენ, ლიბანში “ჰეზბოლას” 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.