ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საზღვარს რუსეთის იმ მოქალაქეებსაც უკეტავენ, ვისაც შენგენის ვიზა აქვთ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ რუსებს და ბელორუსებს სახმელეთო საზღვრით მათ ქვეყნებში შესვლას შეუზღუდავენ. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. რა ზომებს მიიღებენ ეს ქვეყნები, ამის შესახებ დეტალურად და ოფიციალურად ახლო მომავალში გამოცხადდება.

ჯერჯერობით კი ცნობილია, რომ აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის, დიპლომატებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც საზღვარს ოჯახური ან ჰუმანიტარული მიზეზებით კვეთს.

გადაწყვეტილებას ერთდროულად მიიღებს სამივე ქვეყნის მთავრობა და ძალაშიც ერთდროულად შევა.

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აჩერებს რუსეთთან 2007 წლის შეთანხმებას ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ. რუსებისთვის ვიზების სრულად აკრძალვაზე შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის შიგნით ვერ მოხერხდა.

იმავე დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების შეჩერება მხოლოდ პირველია აუცილებელ ნაბიჯებს შორის. ქვეყნებმა სთხოვეს ევროკომისიას შემოიღოს ახალი შემზღუდავი ზომები შენგენის ვიზების მქონე რუსებისთვის, რომელიც მთელ ევროკავშირზე გავრცელდება.

“სანამ ასეთი ზომები მთელ ევროკავშირზე გავრცელდება, ჩვენ, როგორც ცალკე აღებული ქვეყნები, რომლებიც რუსეთს და ბელორუსს ესაზღვრებიან, განვიხილავთ შესაძლებლობას ნაციონალურ დონეზე შემოვიღოთ აკრძალვის დროებითი ზომები ვიზების გაცემაზე ან საზღვრის კვეთის შეზღუდვაზე რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც შენგენის ვიზები აქვთ“– ეწერა განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთის ქალაქებთან ავიამიმოსვლაზე, თუმცა სახმელეთო საზღვრები ღია რჩება. რუსეთის მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებების აზრით, რუსები მათ აეროპორტებს იყენებენ როგორც სატრანზიტო პუნქტებს სხვა ევროპულ ქვეყნებში მოსახვედრად.

“არასწორია, რომ სანამ რუსეთი აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს ევროპაში, რუსებმა გააგრძელონ ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და ევროპაში ტურისტულად ისეირნონ. ეს უსამართლობაა. გასაგებია, რომ რუსები ფინეთს იყენებენ როგორც სატრანზიტო გზას და ჩვენი გავლით სხვა ქვეყნებში მიდიან დასასვენებლად“– თქვა ფინეთის პრემიერმა სანა მარინმა.

ამ დროისთვის არც ევროკავშირის სავიზო კოდექსში, არც შენგენის შეთანხმებაში არ არის ისეთი მუხლი, რომელიც უშვებს ერთი კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას. შედეგად, ევროპის ცალკეულმა ქვეყნებმა საკუთარი შეზღუდვების შემოღება დაიწყეს ომის დაწყებისთანავე.

აგვისტოს ბოლოსთვის შენგენის შეთანხმების 25 ქვეყნიდან, რომლებიც ომამდე რუსებზე ვიზებს გასცემდნენ, 10–მა სახელმწიფომ ვიზების გაცემა შეწყვიტა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ეს არის ჰუმანიტარული მიზეზები, ახლო ნათესავების მონახულება, დაკრძალვა და ა.შ.

დანარჩენი ქვეყნები ვიზებს გასცემენ, თუმცა სახელმწიფოების უმეტესობამ დოკუმენტების მომზადების ვადები გაზარდა.

გარდა ამისა, გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომელიც ძალაში 12 სექტემბერს შედის, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს ვიზაში 35–ის ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ, პროცედურა კი უფრო ხანგრძლივი გახდება და უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა იქნება საჭირო.