ლიეტუვის ელჩი: გვინდა, მალე მიხვიდეთ იქ, სადაც თქვენი ისტორიული ადგილია

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ ლიეტუვა ეხმარება საქართველოს, რათა მალე მივიდეს საკუთარ ისტორიულად ადგილამდე.

“როგორც მეგობრები გეხმარებით ყველგან, ღია თუ დახურულ ფორმატში, ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ყველგან მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას. გეხმარებით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ან ევროკავშირს კი არ სჭირდება, არამედ გჭირდებათ თქვენ, რომ მალე ააშენოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა.

გვინდა, ხელი შეგიწყოთ და წაგახალისოთ, რომ ძალიან მალე მიხვიდეთ იქ, სადაც თქვენი ისტორიული ადგილია. და ერთ დღეს ყველა მიხვდება, რომ საქართველო უკვე მზადაა. როდესაც ეს მოხდება, მეორე დღესვე მიღებული იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება”,– ამბობს კალინდრა მთავარ არხის გადაცემაში “ჩვენებური ევროპა”.

მისივე თქმით, ლიეტუვა არასდროს არანაირ კომპრომისზე არ წავა საქართველოს თავისუფლების საზიანოდ.