საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.
“ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერს ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.