ლისის გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა

ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ვერცერთი სასჯელი ვერ ეთანადება იმას, რაც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. ყავლაშვილის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.

შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.