იტალიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლომბარდიაში მკაცრი კარანტინი შეცდომით შემოიღო. მთავრობის აღიარებით, არასწორი სტატისტიკური მონაცემების გამო ეს მხარე ერთი კვირით “წითელ ზონაში“ შეცდომით შეიყვანეს. იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტს ლომბარდიის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ციფრების დაზუსტება მოუწია. გუბერნატორი ატილიო ფონტანა ამტკიცებს, რომ კარანტინის შემსუბუქებას სწორედ მან მიაღწია.
“რა თქმა უნდა, დავიწყე მთავრობის მიერ წარმოდგენილი გათვლების გასაჩივრების პროცედურა. ჩვენ არასოდეს გადაგვიცია არასწორი მონაცემები და არც გადაცემული მონაცემები ჩაგვისწორებია“ – ამბობს ის.
კოვიდით დაინფიცირების ოფიციალური მაჩვენებლების გადახედვის შემდეგ დღეიდან ლომბარდია „ნარინჯისფერ ზონაში“ ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობას განაახლებს ყველა ტიპის მაღაზია და რაც მთავარია, გუბერნატორის თქმით ორშაბათიდან სკოლებიც გაიხსნება.