ლუგანსკის რეგიონის 80%-ს რუსეთი აკონტროლებს – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეგიონის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

სერგეი გაიდაი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, “რუსეთი, რა თქმა უნდა, არ აპირებს აქ გაჩერებას და წინ წაიწევს“.

“აქ ძალიან სერიოზული სიტუაცია გვაქვს. ლუგანსკის მთელი ტერიტორია იბომბება. არ არსებობს უსაფრთხო ქალაქი… ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს წინსვლას და ყველაფრის განადგურებას, რაც გზად შეხვდება, ასე რომ, ვცდილობთ, ყველას ევაკუაცია შეძლებისდაგვარად მოხდეს“,– აღნიშნა მან.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს დარჩენილ მოსახლეობას, დატოვონ უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი, რადგან ბრძოლები გაძლიერდება. მისი ცნობით, ლუგანსკის ტერიტორიაზე მცხოვრები 350 000 ადამიანიდან დღეს დაახლოებით 70 000 რჩება.

გაიდაიმ ლუგანსკში არსებული ვითარება შეადარა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს და თქვა, რომ ლუგანსკის შეუძლია დახმარების მიღება და ხალხის ევაკუაცია, თუმცა ის მარიუპოლივით მუდმივად იბომბება.