ლუგარში ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეშვება რუსულ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ინფექციონისტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ თუ ლუგარის ლაბორატორიაში ისინი ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეუშვებენ, ესე მათ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება.

,,ლუგარის ლაბორატორიაში ვინც რუსი ექსპერტების საფარველით ფსბ- ს შეუშვებს, რაღაც საერთაშორისო ვალდებულებების გამართლების ბოდვით – იქნება რუსულ პროპაგანდაში ჩაყოლა, ქვეყნის სტარტეგიული და სახელმწიფო ინტერესების ზიანის მომტანი.

არ აქვს მნიშვნელობა – მინისტრი, ექიმი თუ ეპიდემიოლოგი.

საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს რუსეთმა ამ ულტიმატუმზე”,- წერს Facebook-ზე დეკანოიძე.

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საქართველოს ვალდებულებები არ აქვს, მაგრამ ქვეყანა მზად არის ისინი ლუგარში დაპატიჟონ.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნა ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ორმხრივად კი ეს არ განხორციელდება. ამ კონვენციის ფარგლებში არანაირი ვალდებულება მათი ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს,“ – თქვა ზალკალიანმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ ქვეყანას დასამალი არაფერი აქვს და რუსეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ლუგარში მიბრძანდნენ.

ცნობისთვის, გუშინ 26 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.

განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში წერია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.