ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ლუდი ალკოჰოლიანია თუ უალკოჰოლო, წერს New Atlas.
პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევს, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს 1 თვიანი ექსპერიმენტი, რომლის დროს 22 ჯანმრთელი მამაკაცი ყოველდღიურად 0.33 ლიტრ ჩვეულებრივ, ან უალკოჰოლო ლუდს სვამდა. კვლევის დროს მეცნიერები მუდმივად ატარებდნენ სისხლის და კალის ანალიზს, რათა მათ ნაწლავში ბაქტერიული მრავალფეროვნების მდგომარეობა დაედგინათ.
ექსპერიმენტის ბოლოს შედეგებმა აჩვენა, რომ მის მონაწილეებს ნაწლავში უფრო მეტი მიკრობული მრავალფეროვნება აღმოაჩნდათ, ვიდრე კვლევის დაწყებამდე. ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ რაოდენობით ლუდი ადამიანის სხეულის და ცხიმოვანი მასის ზრდას არ იწვევს, არ ზრდის გულ–სისხლძარღვთა სისტემის შრატში მარკერების დონეს და არ მოქმედებს მეტაბოლიზმზე.
მეცნიერები თვლიან, რომ მიკრობების ბიომრავალფეროვნების გაზრდა ნაწლავში ლუდის ზოგიერთ კომპონენტს უკავშირდება, მაგალითად პოლიფენოლებს და ბაქტერიებს, რომლებიც მის ფერმენტაციას უწყობენ ხელს. თუმცა , ამავე დროს, მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ არა მხოლოდ ნაწლავების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა როგორც ლუდის, ასევე სხვა ალკოჰოლისგან თავის საერთოდ შეკავება, მიუხედავად ახალი კვლევის შედეგებისა.
მეცნიერების თქმით, არსებობს ადამიანისთვის ღვიძლის და გულის დააადებების გაჩენის რისკი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პოტენციური სარგებელი, რომელიც ლუდმა შეიძლება ნაწლავებს მოუტანოს, არ არის დამოკიდებული ლუდის სახეობაზე, თუმცა ისინი მაინც რეკომენდაციას იძლევიან, უალკოჰოლო ლუდი მიიღოთ.
“მიკრობული მრავალფეროვნების არსებობა ნაწლავებში თავისთავად, აუცილებლად კარგი ან ცუდი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაწლავებში ბევრი სხვადასხვა მიკრობი გაქვთ. ამგვარად, იზრდება ალბათობა, რომ იქ ბევრი კარგი მიკრობია, რომლებიც ნაწლავებზე დადებითად მოქმედებენ. მაგრამ, შეიძლება მიკრობებმა დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად ვერ შეასრულონ ორგანიზმისთვის აუცილებელი ფუნქციები. ამიტომაც, მთავარია არა მათი რაოდენობა, არამედ ის, თუ რას აკეთებენ ისინი“– ამბობს ვინსენტ იანგი აშშ–ს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.
ამერიკელი მეცნიერების აზრით, ცალსახა დასკვნების გაკეთება ახალი კვლევიდან რთულია მონაწილეთა მცირე რაოდენობისა და იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით ნაწლავის მიკრობულ პოპულაციებზე.
“ჩვენ ახლა ამ მიკრობებზე ის ვიცით, რაც გვეცოდინებოდა ადამიანებზე, მათ რომ მთვარიდან ტელესკოპით ვაკვირდებოდეთ. ამასთან, ვეცდებოდით გაგვეგო, რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს საზოგადოებაში“– ამბობს გასტროენტეროლოგი კალიფორნიიდან აშკან ფარხადი.