ლუკაშენკომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებებში დახმარება პუტინს შაბათს დილით შესთავაზა – ლავროვი

”ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, შაბათს დილით, 24 ივნისს, „ვლადიმირ პუტინს შესთავაზა დახმარება სისხლისღვრის თავიდან აცილებაში და აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებული სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაში.“ – ამის შესახებ,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მინსკის და პირადად ლუკაშენკოს როლის შესახებ უკვე ითქვა არაერთხელ, როგორც პესკოვმა დეტალურად აღწერა, პუტინთან სატელეფონო საუბარში შაბათს დილით ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო ამ სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაში, დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილებაში, რაც აუცილებლად მოხდებოდა, აჯანყებულთა რაზმებს მოსკოვისკენ მსვლელობა რომ გაეგრძელებინათ.

“ამ წინადადებას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა პუტინმა და თქვენ იცით შედეგი”, – დასძინა მინისტრმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა შაბათს საღამოს განაცხადა, რომ ვაგნერის დამფუძნებელი დათანხმდა მოსკოვისკენ მიმავალი კოლონის გაჩერებას ბელორუსის ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ. თავად პრიგოჟინს ამაზე არ უსაუბრია. ვაგნერის ლიდერთან საუბარზე პირადად ლუკაშენკოსაც არ გაუკეთებია კომენტარი.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებები კოორდინირებული იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც დილით პრიგოჟინის ქმედებებს „რუსეთის ღალატი“ უწოდა.

პრიგოჟინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ დაქირავებულთა კოლონა გააჩერა და თქვა, რომ ისინი ბელორუსში წავლენ.

გარდა ამისა, RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისი დაუკავშირდა რუსეთის წარმომადგენლებს აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციის გადასაცემად.

მინისტრის თქმით, ტრეისიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიგოჟინის აჯანყება იყო შიდა რუსული საქმე, რომელთანაც შეერთებულ შტატებს საერთო არაფერი ჰქონდა და ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსულ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იქნება.