ბელორუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას უჭირს ვაგნერელების შეკავება, რომლებიც პოლონეთში წასვლაზე ოცნებობენ.
ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად. შეხვედრის დაწყებიდან მალევე გამოცხადდა, რომ გადაწყდა მისი ხანგრძლივობის გაზრდა და დაგეგმილი რამდენიმე საათის ნაცვლად, მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდებოდა.
რუსულმა და ბელორუსულმა ტელეარხებმა გაავრცელეს შეხვედრის დაწყების კადრები, სადაც ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მან ჩაიტანა რუკა, რომელიც, მისი თქმით, ასახავს პოლონეთის ჯარების გადასროლას მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებისკენ.
„მათ დაიწყეს პოლონეთის ჩართვა და აქტიურად აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს. მე სპეციალურად მოგიტანეთ რუკა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან გადაყვანის შესახებ, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიადაგი მზადდება“, – განუცხადა ლუკაშენკომ პუტინს.
წინა რუკა, რომელიც ლუკაშენკომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში პუტინთან შეხვედრისას მიიტანა, მისი კომენტარით „ახლა გაჩვენებთ, საიდან მზადდებოდა ბელორუსზე თავდასხმა“, სოციალურ ქსელებში უთვალავი კარიკატურის და მემების წყარო გახდა.
კვირას პუტინთან საუბრისას ლუკაშენკომ (დასავლეთის ქვეყნები მას ბელორუსის ლეგიტიმურ ლიდერად არ ცნობენ) თქვა, რომ ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულები ითხოვდნენ დასავლეთისკენ წასვლას “ვარშავაში ექსკურსიაზე”, რამაც “მისი დაძაბვა გამოიწვია”. ლუკაშენკოს თქმით, ის მათ აკავებს ქვეყნის ცენტრში, მაგრამ დაქირავებული ჯარისკაცები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჟეშოვში მიიჩქარიან.
ლუკაშენკო ირწმუნება, თითქოს ვაგნერელებს შურისძიება სურთ პოლონეთზე ბახმუტში გამართული ბრძოლებისთვის, სადაც პოლონური ტექნიკა გამოიყენებოდა.
მისი განცხადებები ბელორუსში ვაგნერის ბოევიკების დიდი ჯგუფის ჩასვლის ფონზე გაკეთდა, რომლებიც იქ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე წავიდნენ პუტინთან შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიღწეულ იქქნა ივნისის ბოლოს ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მიერ განხორციელებული ამბოხის მცდელობის შედეგად, ასევე ამ განცხადებებს წინ უძღვოდა ინფორმაცია ბელრუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.
რიგი დამკვირვებლები გამოთქვამენ შიშს, რომ კრემლი შესაძლოა გეგმავდეს „ცრუ დროშის“ პროვოკაციას პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გააფართოვოს კონფლიქტი და მასში ევროპული სახელმწიფოები ჩართოს.
ბელორუსის ლიდერმა ასევე უთხრა პუტინს, რომ უკრაინის დაშლა მიუღებელია.
„უკრაინის მიწის პოლონეთისთვის გადაცემა მიუღებელია. და თუ დასავლეთ უკრაინის მოსახლეობას ეს დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მათ. გთხოვთ, განიხილოთ და იფიქროთ ამ საკითხზე“, – უთხრა მან პუტინს.
რუსეთის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, პოლონეთში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუთქვამს რაიმე განზრახვა „დაშალოს უკრაინა“ ან რაიმე პრეტენზია გამოთქვას მის ტერიტორიაზე.
ივლისის დასაწყისში პოლონეთმა განათავსა მინიმუმ 1000 ჯარისკაცი და თითქმის 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა ბელორუსის საზღვარზე ქვეყნის საზღვრებთან შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევისთვის. პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე 5000 პოლონელი მესაზღვრე და 2000 ჯარისკაცი პატრულირებს.