გუშინ, რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე აქციების მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ბელარუსი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციას მოძრაობა “სირცხვილია” ეხმარება. მონაწილეები თავისუფლებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი, ირა მასალსკაია აცხადებს, რომ მინსკში მსგავსი პროტესტის გამოხატვის საშუალება არ აქვთ:
“მინსკში, თუნდაც მშვიდობიანი პროტესტით რომ გამოვსულიყავი, მეორე დღეს კაკუნს გავიგებდი კარზე და ციხეში წამიყვანდნენ. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ხალხს, ვინც ახლა ბელარუსში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის”, – განაცხადა მასალსკაიამ.
უკვე მეხუთე დღეა ბელარუსიის ხელისუფლება საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით ახშობს. საპროტესტო აქციები ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79.7 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მის მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. ქვეყანაში ალექსანდრე ლუკაშენკოს 26 წლიან მმართველობას აპროტესტებენ და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.