ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს. ის ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

მას 2020 წლის 7 სექტემბერს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საპატიმრო კი ვადაზე ადრე დატოვა.

“მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით. კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა, საყვედური არ უნდა გქონდეს”,– თქვა მისმა ადვოკატმა ტვ პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს. მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც “მწვანე სკოლის” კედლებზე წარწერები “ამ ცხოვრების დედაც” – დაწერა.