ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის” 450 000 გაფლანგა – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორამაციით, ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს 449 999 ლარი დაუჯდა.

მათი ცნობით, ამფითეატრში 2016 წლის შემდეგ სულ 2 შეხვედრა ჩატარდა – ლურსმანაშვილი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს შეხვდა.

“აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ ქართულ ოცნებას ეს ფართი 2-2 საათით 100 ლარად დაუთმო, ამის შემდეგ შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და ინგრევა. რამდენიმე წლის შემდეგ აწ უკვე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებდა, რომ მან შენობა კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა და თუ ახლა შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ამის პასუხისმგებლობა მის შემცვლელ, მოქმედ გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს ეკისრებოდა

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნიდა და 2018 წელს ამბობდა, რომ ამფითეატრს თავიდან ვერ გაარემონტებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა ამ განცხადების გაკეთებიდან 3 წლის თავზე, არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ამფითეატრის მდგომარეობაზე კობა ლურსმანაშვილი აგრეთვე ამბობდა 2018 წელს, რომ ეს ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და შესაძლოა ის სულაც არ არის ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც გარეგნულად ჩანს”,– წერს ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ცნობით, ამფითეატრის რეაბილიტაციაზე დახარჯული 450 000 ლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, ვინაიდან, დღეს შენობა აბსოლუტურად უფუნქციოა და ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია.

“მიუხედავად ბიუჯეტის ასეთი მასშტაბური ფლანგვისა, კობა ლურსმანაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ისევ იყრიდა ხარაგაულის მერობისთვის კენჭს და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით მან 54% იანი მხარდაჭერით პირველივე ტურში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კობა ლურსმანაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის დროს მისი ბიურო ხარაგაულში აქტიურად უფორმებდა ხელშეკრულებებს მის ძმას ზურაბ ლურსმანაშვილს. კერძოდ: 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ასეთი 6 ხელშეკრულება არსებობს – 3,860 ლარის ღირებულების.

თავის დროზე დეპუტატ კობა ლურსმანაშვილის ძმამ, ზურაბ ლურსმანაშვილმა 2016 ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო და მას 15 ათასი ლარი გამოუყვეს პროექტ “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში. თუმცა, ზურაბ ლურსმანაშვილმა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა მისი ბიზნესი მდებარეობს, მშენებლობა უკანონოდ დაიწყო, ხოლო ხარაგაულის მერიამ დეპუტატის ძმაზე, პრესტიჟულ ადგილას, იჯარით გასცა 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის წლიური გადასახადი სულ რაღაც 822 ლარია”,– წერს ფლანგვის დეტექტორი..